ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელა. „თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ სადაზვერვო პუნქტები დაბომბა.
როგორც გამოცემა წერს, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმართულებით განხორციელებული დარტყმები მიწისქვეშა სარაკეტო გამშვებ დანადგარებს უკავშირდება.
ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, მათი სამიზნეები „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურები იყო.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, 5 ივლისს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. ორი რაკეტა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაუშვეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ ჰაერში მესამე რაკეტაც დააფიქსირეს.