ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს  ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს
ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს  ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს

დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ არმენ სარქსიანთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის მცდელობა, ერთად შეეკრიბა მთავრობის მეთაური და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც არმენ სარქსიანმა მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრა დაგეგმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე ნიკოლ ფაშინიანს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ელოდებიან, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო.

სომხეთში ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისი 25 თებერვლის შემდეგ გამწვავდა. ამის მიზეზი პრემიერის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილესთან დაპირისპირება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება გახდა, რასაც გენშტაბის მხრიდან პრემიერის გადადგომის მოთხოვნით განცხადება მოჰყვა. ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გათავისუფლებაც მოსთხოვა, რაც პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა.