ადგილობრივების განცხადებით, სოფელ რუისპირში წვიმების დროს ონკანებიდან ტალახიანი სასმელი წყალი მოედინება
ადგილობრივების განცხადებით, სოფელ რუისპირში წვიმების დროს ონკანებიდან ტალახიანი სასმელი წყალი მოედინება

თელავის მუნციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა აცხადებს, რომ ონკანებიდან ტალახიანი სასმელი წყალი მოედინება.

„როგორც კი გადაუღებელი წვიმები დაიწყება, ონკანებში ტალახიანი წყალი მოდის. ასეთ წყალს ვერავინ დალევს, ის არც სადილის მოსამზადებლად, არც დასაბანად და არც სარეცხისთვის არ გამოდგება“, –  განუცხადა საქართველოს პირველ არხს ადგილობრივმა მცხოვრებმა, მალხაზ პაპუნაშვილმა.

„ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღში მივლენ, ეს წყალი როგორ უნდა დალიონ. ვისაც საშუალება გვაქვს წყალს მაღაზიაში ვყიდულობთ, მაგრამ რამდენია გაჭირვებული ოჯახი, ვისაც პურის ფულიც არ აქვს, ისინი ხომ ამ წყალს სვამენ. ხალხი დაავადდა“, – ამბობს ლამარა ძამუკაშვილი

რუისპირის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და იხსენებს, რომ სამი წლის წინ რეზერვუარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 80 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა, მას შემდეგ არც სათაო ნაგებობა და არც რეზერვუარი გაწმენდილა. ტალახიანი წყალი საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც აზიანებს.

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზია სამართლიანია, თუმცა სამი წლის წინ გაცემულ დაპირებებზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან მერის თანამდებობას არ იკავებდა.

„არ ვიცი, ჩემამდე ვინ რა გააკეთა რეზერვუარებთან დაკავშირებით. ვიცით, რომ რუისპირის მოსახლეობას წვიმების დროს სუფთა წყალს ვერ იღებს, ვაპირებთ, მოვაწესრიგოთ ეს საკითხი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თელავის მერმა. თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია როდის იგეგმება რუისპირში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

დატოვე კომენტარი