ადევნებაში ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ადევნებაში ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებაში ბრალდებული ჯ.ჯ. დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის მაისში ჯ.ჯ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ს.თ.-ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, დაჰყვებოდა მას და უკანონოდ უთვალთვალებდა. ასევე, მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა ჯ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 27 მაისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირის მიმართ უკანონო თვალთვალი, ასევე პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.