ADB-ს პრეზიდენტი - 2019-2021 წლებში საქართველოში პროექტების დაფინანსება 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს
ADB-ს პრეზიდენტი - 2019-2021 წლებში საქართველოში პროექტების დაფინანსება 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო ვარაუდობს, რომ 2019-2021 წლებში საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოში პროექტების დაფინანსება 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ ტაკეჰიკო ნაკაომ ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან კარგი და ხანგრძლივი დისკუსია მქონდა მამუკა ბახტაძესთან მაკროეკონომიკურ ვითარებაზე და სტრუქტურულ რეფორმებზე. იმაზე, თუ რა დახმარება შეუძლია გაუწიოს საქართველოს აზიის განვითარების ბანკმა“, – აღნიშნა ნაკაომ.

ბანკის პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას.

ნაკაომ თბილისში გამართული შეხვედრებიც შეაჯამა, მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან საუბარი შეეხო დედოლარიზაციის თემას. განათლების მინისტრთან მან განიხილა ინფრასტრუქტურის განახლების თემატიკა, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებში მზის პანელების გამოყენებით გათბობის სისტემების მონტაჟი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილთან განიხილა საგზაო პროექტები, წყლისა და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების თემა.