ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე კვლევა წარადგინა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე კვლევა წარადგინა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე ახალი კვლევა წარადგინა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იემსი-ის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, ხელისუფლებას ამ დრომდე არ წარმოუდგენია საკუთარი ხედვა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

„2018 წელს გაიზარდა პირობითი მსჯავრის გამოყენება ნარკოტიკის მოხმარების ან მცირე ოდენობით ფლობისთვის, თუმცა იმავე დანაშაულებისთვის კვლავ რჩებიან ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“, – განაცხდა ვერძეულმა.

მისივე თქმით, კვლევის თანახმად, მოწესრიგდა ავტოტრანსპორტის მძღოლის ნარკოტესტირების მეთოდი, ასევე შემცირდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა.

„სისტემურ გამოწვევად რჩება ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების პროცესში ოპერატიული ინფორმაციის როლი. ასევე აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა 2017 წელს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვერძეულმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის კუთხით ფუნდამენტური რეფორმა არ გატარებულა, ხელისუფლება კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს.

სოფო ვერძეულის განმარტებით, რეპრესიული კანონმდებლობის გამო კვლავ საკმაოდ ბევრი ადამიანი იხდის სასჯელს, ამიტომ კვლევის შედეგების გათვალისწინებით, EMC კიდევ ერთხელ ითხოვს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, ერთჯერადი ამნისტია გამოიყენონ, ან შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სახდელს იხდიან.

დატოვე კომენტარი