ადამიანის უფლებების დარგში მომუშავე ქართული არასამთავრობოები ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა დააჯილდოვეს
ადამიანის უფლებების დარგში მომუშავე ქართული არასამთავრობოები ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა დააჯილდოვეს

ადამიანის უფლებების დარგში მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები დღეს ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა დააჯილდოვეს.

ღონისძიება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველი წლის დეკემბერში აღინიშნება. ადგილობრივი პრემია “tulip” და 2 ათასი ლარი გადაეცა პირველ ადგილზე გასულ ორგანიზაციას „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს”. მიღებული თანხით ორგანიზაცია გეგმავს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საგანმანათლებლო ცენტრის აღდგენას, სადაც “კახეთის რეგიონული ცენტრი” ადგილობრივებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსების ჩატარებას გეგმავს.

საფრანგეთის საელჩომ საფრანგეთის რესპუბლიკის 2018 წლის საერთაშორისო პრემიით „განსაკუთრებული შეფასებით” „კულტურული ფონდი სოხუმი” დააჯილდოვა, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა სოციალური ინტეგრაციის კუთხით მუშაობს.

როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, ორგანიზაცია დღეიდან საფრანგეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მფარველობით ისარგებლებს.

დაჯილდოვებაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ნიდერლანდები და საფრანგეთი ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მხარდამჭერები არიან. ამ დაჯილდოებით ორი ქვეყნის საელჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი პირებისა და ორგანიზაციების მტკიცე მხარდაჭერას.