ადამიანის უფლებათა კომიტეტში მანდატურის ინსტიტუტის რეფორმირების კანონპროექტზე იმსჯელებენ
ადამიანის უფლებათა კომიტეტში მანდატურის ინსტიტუტის რეფორმირების კანონპროექტზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში დღეს მანდატურის ინსტიტუტის რეფორმირების კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომელზეც შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად იმუშავეს.

კანონპროექტის ძირითადი არსი მანდატურის საქმიანობის გაუმჯობესება და სამართლებრივ ორგანოებთან მეტი კოორდინაციაა.

განათლების სამინისტროში იმედი აქვთ, რომ კანონპროექტი მათ მიერ წარდგენილი ფორმით იქნება დამტკიცებული.

კანონპროექტის თანახმად, მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს შესაძლებლობა ექნება, შეყოვნების მექანიზმი გამოიყენოს.

ცვლილებები ეხება მანდატურის პროფესიული მომზადების საკითხსაც. მოსამზადებელი კურსის შინაარსსა და თემატიკას შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები ერთობლივად განსაზღვრავენ.

რაც შეეხება მანდატურის დანიშვნის წესს, გადაწყვეტილებას, სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახურის უფროსი მიიღებს.

კანონპროექტის თანახმად, მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი კი 21 წლამდე აიწევს.

სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე სავალდებულო გახდება ვიდეოკამერების არსებობა.