ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში განიხილეს და მხარი დაუჭირეს. დეპუტატებს ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ წარუდგინა.

როგორც ირინა ფუტკარაძემ განაცხადა, დოკუმენტი დეტალურად მოიცავს ყველა გადაცემის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ტელესკოლაზე, ასევე არჩევნებზე და არჩევნების გასაშუქებლად „ბიბისის“ წარმომადგენლის მიერ პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე.

ირინა ფუტკარაძის თქმით, კომიტეტზე ისაუბრა ბიუჯეტის დაკორექტირების მიზეზებზე, ტექნიკური გადაიარაღების მნიშვნელობასა და ახალი შენობის მშენებლობაზე.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იყო. პანდემია იყო და კომიტეტმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა ჩვენი მუშაობა. ბუნებრივია, ყურადღება გავამახვილე ტელესკოლაზე, რომელიც იყო ძალიან წარმატებული და იმ გადაცემებზე, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული პანდემიის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ყურადღება გავამახვილე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, შეკითხვები იყო რეიტინგებთან დაკავშირებით. ეს არის ის თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია გარკვეული ჯგუფისთვის. აინტერესებთ რეიტინგები, მაგრამ ეს არის საკმაოდ გლობალური პრობლემა და ამ მიმართულებით ვრცლად ვისაუბრე. თუმცა, ასევე დავაფიქსირე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლევებს ატარებს. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანია „სონარი“ ჩვენთან ატარებს კვლევებს, როგორც რადიოს, ასევე ტელევიზიის მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ, რომ ჩვენ ვართ მულტიმედიური პლატფორმა. ვისაუბრე ტექნიკურ გადაიარაღებაზე, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ყურადღება გავამახვილე ახალი შენობის მშენებლობაზე“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.