ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სტრასბურგში საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2018 წლის ანგარიშს მოუსმენს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სტრასბურგში საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2018 წლის ანგარიშს მოუსმენს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს მოუსმენენ.

როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, საქართველოდან სტრასბურგში წასული საქმეების რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

სოფო კილაძის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ჩვენი კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში ყოველწლიურად განიხილავს მთავრობის მიერ შემოტანილ ანგარიშს, თუ როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრასბურგში წასული სარჩელები არის ძალიან შემცირებული და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუმცა არის, რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხები. უნდა ვთქვათ, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სამართალდარღვევების აღსრულება დღეს უწევს საქართველოს სახელმწიფოს, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილებების გამოტანა ძალიან ბევრი წელი გრძელდება და ამიტომ, დღეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში უხდება ქვეყანას ძირითადად აღსრულება იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სწორედ წინა ხელისუფლების დროს იქნა დარღვეული”,- განაცხადა სოფო კილაძემ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარადგენს.