ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, პროექტი მოიცავს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქვს. თუმცა, სოფო კილაძეს შენიშვნები აქვს სოციალური მუშაკის რეფორმასა და იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არსებული დოკუმენტი საბოლოო არ არის და შესაბამისად, გუნდი იმუშავებს, რათა საბოლოო ვერსია მოქალაქეების ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული.

„ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ჩვენს გუნდს აქვს აღებული ზოგადად ადამიანის უფლებების კუთხით, ძირითადად არის ასახული, თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული შენიშვნები სოციალური მუშაკის რეფორმასთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ა.შ. რაც, მათ შორის ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებებია, რომ უფრო მეტი იყოს და უფრო კარგად იყოს ეს რეფორმები გატარებული. ამაზე კონსულტაციები გვექნება. როგორც იცით, ეს არ არის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. ამაზე ვიმუშავებთ, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას და ყველანაირად შევეცდებით, ის რეფორმები, რაც 2019 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.