ადამიანის უფლებათა ცენტრმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივი ანალიზი წარადგინა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივი ანალიზი წარადგინა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 20-21 ივნისის საპროტესტო დემონსტრაციებისა და თანმდევი მოვლენების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ქრონოლოგიურად არის მიმოხილული 2019 წლის 20 ივნისამდე, უშუალოდ საპროტესტო აქციის დროს და შემდგომ განვითარებული მოვლენები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ ძალადობრივი მმართველობის სტილს. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაშლისას გამოყენებულმა არაპროპორციულმა და გადამეტებულმა საპოლიციო ძალამ სამართლიანად დატოვა აქციის მონაწილეთა დასჯის შთაბეჭდილება. სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 2007 წლის 7 ნოემბერთან და 2011 წლის 26 მაისთან ერთად, გაჩნდა სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე ძალადობის აღმნიშვნელი ახალი თარიღი – 20-21 ივნისი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების შემდგომი პრევენციისთვისთვის, აუცილებელია, განვითარებული მოვლენების სწორი და ზუსტი შეფასება, ასევე – დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება“, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მიმოხილულია აქციის დაშლის ფორმალური საფუძვლები და სამართლებრივი შეფასება, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტები, მომიტინგეთა დაკავებები და სასამართლო პროცედურები. ანგარიშს ასრულებს რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიმართ.

მათივე ცნობით, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულია 240 ადამიანი, მათ შორის 38 ჟურნალისტი, მათგან დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ ოთხს აქვს მინიჭებული. რეკომენდაციებს შორისაა დაზარალებულებისთვის სტატუსის დროულად მინიჭება, ობიექტურად და მიუკერძოებლად წარიმართოს გამოძიება და დაეკისროთ პასუხიმგებლობა დამნაშავე სამართალდამცველებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაზარალებულებს მატერიალური ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ, ასევე, აღმოიფხვრას დემონსტრაციებზე წესრიგის დაცვის დროს გამოვლენილი ხარვეზები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში გახლავთ რამდენიმე საქმე, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებულებს შეეხება. მათი უმეტესობა გახლავთ ჟურნალისტი. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ვახტანგ ბერიკაშვილის საქმე. მის მიმართ გამოყენებულია კაუჩუკისა და პლასტმასის ნარევი ტყვია, რომელიც ამოღებული გახლავთ და პროკურატურას აქვს წარდგენილი ნივთმტკიცების სახით. თუმცა დღემდე ეს მოქალაქეები არ სარგებლობენ დაზარალებულის სტატუსით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა არაერთი განცხადებით მოითხოვა, რომ ამ მოქალაქეებისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა გახლავთ, საქმე წარმოებულიყო ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის კუთხითაც. ამ აქციის დაშლისას  38 ჟურნალისტი გახლავთ დაზარალებული, ეს მაჩვენებელი აქამდე არსებულ არც ერთი აქციის დაშლისას არ ყოფილა. თუმცა, ამ მუხლით წარმოება არ დაწყებულა და დღემდე არც ერთ ჟურნალისტს არ აქვს მიღებული დაზარალებულის სტატუსი“, – აცხადებს ადამიანთა უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე.

ანგარიში მომზადდა პროექტის „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ მიერ.