„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი - ჩვენს საქმიანობაში არაფერი უკანონო არ ყოფილა, განვახორციელეთ უამრავი სასარგებლო პროექტი, გადარიცხვები იყო აბსოლუტურად კანონიერი
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი - ჩვენს საქმიანობაში არაფერი უკანონო არ ყოფილა, განვახორციელეთ უამრავი სასარგებლო პროექტი, გადარიცხვები იყო აბსოლუტურად კანონიერი

საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი გამოიკითხა.

ცქიტიშვილის განცხადებით, ორგანიზაციას კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ განუხორციელებია. მისი განმარტებით, ორგანიზაცია ფინანსურად ეხმარებოდა აქციის მონაწილეებს.

„ყველა პროექტი, რასაც ახორციელებდა ადამიანის უფლებათა სახლი, იყო იმ სტანდარტებსა და იმ სტრატეგიებში თავსებადი, რაც ზოგადად უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მით უმეტეს, ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ გაწერილი თავიანთ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, არაფერი უკანონო ჩვენს საქმიანობაში არ ყოფილა, პირიქით, უამრავი სასარგებლო პროექტი გვაქვს განხორციელებული. მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიმართულებით. გადარიცხვები, რაზეც საუბარია, ყველა გადარიცხვა იყო აბსოლუტურად კანონიერი“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.