ადამიანის სხეულის უძველესი „გეგმა“ ზღვის ანემონებში აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ზღვის ანემონები შეიძლება არამიწიერ არსებებს ჰგვანან, მაგრამ ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათში იმალება სხეულის უძველესი „გეგმა“, რომელსაც ცხოველთა უმეტესობა, მათ შორის ადამიანები, დღემდე მიუყვებიან. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ევოლუციის ქრონოლოგია შეცვალოს.
შეიძლება არ გაგიგიათ ტერმინი „ბილატერალური“, მაგრამ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ. ეს გახლავთ არსებები, რომელთა სხეულის გეგმა სიმეტრიულია ერთი სიბრტყის გასწვრივ: ჭიაყელებიდან ვეშაპებამდე, ჭიანჭველებიდან სპილოებამდე, ადამიანებიდან კოლიბრებამდე.
ცხოველთა სხეულის კიდევ ერთი მთავარი გეგმაა რადიალური სიმეტრია, ანუ, როცა ცხოველთა სხეული ორგანიზებულია ცენტრალური ღერძის გარშემო. შეხედეთ მედუზას და სცადეთ გაარკვიოთ, რომელი გვერდია „წინა“ — ახლა ალბათ მიხვდებით, რას ნიშნავს რადიალური სიმეტრია.
მსუსხავების (კნიდარიები) ტიპში შემავალ ცხოველთა უმეტესობას სხეულის სწორედ ასეთი გეგმა აქვს. ამ ტიპს მიეკუთვნებიან უხერხემლოები — მედუზა, ზღვის ანემონები და მარჯნები.
თუმცა, კატეგორიები არც ისეთი მოწესრიგებულია, როგორიც შეიძლება ბიოლოგებს სურდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მსუსხავებს მიეკუთვნებიან, ზღვის ანემონებს ბილატერული სიმეტრია აღენიშნებათ, რაც აჩენს კითხვას, თუ როდის ჩამოყალიბდნენ ისინი პირველად და შემდეგ რამდენჯერ.
ამის გასარკვევად, ვენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს ვარსკვლავა ზღვის ანემონებზე (Nematostella vectensis), რათა ენახათ, როგორ ვითარდება მათი ემბრიონი.
ძვლის მორფოგენეტიკური ცილა (BMP) ბილატერულების სხეულის აგებაში გადამწყვეტია. BMP-ის გრადიენტი განვითარებად უჯრედებს ეუბნება, რომელი ქსოვილი უნდა გახდნენ იმაზე დაყრდნობით, თუ სხეულის რა ნაწილშია ისინი.
ზოგიერთ ბილატერალში, მაგალითად, ბაყაყებსა და ბუზებში, კიდევ ერთი ცილის წყალობით, რომელსაც ქორდინის გადატანის BMP ეწოდება, ეს გრადიენტი წარმოიქმნება სხეულის გარშემო.
ჯგუფმა დაადგინა, რომ BMP-ის რეგულარული გადატანის (შატლინგი) ამ მექანიზმს ზღვის ანემონებიც იყენებენ. ეს კი მიუთითებს, რომ მექანიზმი იქამდე ჩამოყალიბდა, ვიდრე ბილატერალურები და მსუსხავები ერთმანეთს გამოეყოფოდნენ დაახლოებით 600 მილიონი წლის წინ.
„ის ფაქტი, რომ სხეულის ღერძის ჩამოყალიბებისთვის შატლინგს არა მხოლოდ ბილატერალურები, არამედ ზღვის ანემონებიც იყენებენ, გვეუბნება, რომ ეს მექანიზმი წარმოუდგენლად უძველესია. აღმოჩენა ამაღელვებელ შესაძლებლობებს გვიხსნის იმის გადააზრებისთვის, თუ როგორ განვითარდა სხეულის გეგმები ადრეულ ცხოველებში“, — ამბობს კვლევის ავტორი, განვითარების ბიოლოგი დევიდ მორსდორფი.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია medienportal.univie.ac.at-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.