ადამ კინზინგერი - ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება
ადამ კინზინგერი - ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება

ვიმედოვნებ, რომ საბოლოო მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ქართველ ჟურნალისტებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

ამერიკელი კონგრესმენის თქმით, მთავარი მოწოდება 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელებაა.

ადამ კინზიგერს კითხვა დაუსვეს ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე, რაც გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რაზეც ამერიკელმა კონგრესმენამ თქვა, რომ არ შევა დეტალებში, რადგან ხელშეკრულების ხელმომწერებმა იციან შეთანხმების პირობები.

„დღეს ინფორმაცია მივიღე, რომ ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. როგორც მივხვდი, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა. მსურს, მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი. ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება. მე არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და მტყუანი. ჩვენი საქმეა გავაგრძელოთ ორივე მხარის გამხნევება, რომ იმუშაონ ერთობლივად და სწორედ ამას ვაკეთებ ახლა. ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება. მხარეებს შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. მე არ შევალ დეტალებში. შეთანხმების ყველა ხელმომწერმა იცის შეთანხმების პირობები. პარლამენტში მიღწეულია მართლა კარგი პროგრესი ამ მიმართულებით. არის კიდევ ერთი მოსმენა და დარჩენილია კიდევ ნაბიჯები. საჭიროა შეთანხმების სრულად შესრულება. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ პარლამენტი წარმოადგენდეს მათ. ასევე თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულება წარმოადგენდეს ყველა ქართველს. მე მხარეს არ ვუჭერ, ეს არაკორექტული იქნება. რაც შეეხება დეტალებს, ეს დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეებზე, რომ იმუშაოს დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა კინზინგერმა.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.