ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი განცხადებას ავრცელებენ - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად
ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი განცხადებას ავრცელებენ - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად

მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ, – ამის შესახებ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერისა და დემოკრატი ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღევანდელი სიახლე, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს იმ მიმდინარე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მოვლენათა მსგავსი განვითარებით და ასევე, ოპოზიციური პარტიების უარით, შეერთებოდნენ შეთანხმებას და ზოგადად, პოლიტიკურ პოლარიზებით თბილისში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს და ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად.

მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება, გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. ისინი, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, თამამდებიან, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და კონსპირაციებს ავრცელებენ. ჩვენ მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, როგორც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, – ნათქვამია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.