ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა 
ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადა მარშანია დაინტერესდა, ფართოვდება თუ არა საკითხთა წრე და იგეგმება თუ არა სხვა მძიმე დანაშაულების გამოძიებაც.

„თავიდანვე გვინდა, განვაცხადოთ კიდევ ერთხელ, რომ რეგლამენტის ყველანაირი დარღვევით და საერთოდ უპრეცედენტო რაღაცეებით მოხდა ამ კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება, ეს შეგნებულად გაკეთდა ასე. კენჭისყრა იყო უცნაური. ამ კომისიის უმრავლესობა არიან „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები, ესეც აბსოლუტურად შეგნებულად იყო გაკეთებული. ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყოს დაკავებული. თქვენ მოიშველიებთ ფორმალურ გარემოებას, რომ ეს არც კანონში წერია და არც რეგლამენტში. ჩვენ შევალთ პარლამენტში წინადადებით, რომ შეიქმნას ამდაგვარი კომისია და ვნახავ, როგორ დაუჭერთ ამ კომისიის შექმნას მხარს, რომ სხვა საქმეებიც იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვრჩები ამ კომისიაში, ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, იქ ჩვენ არაფერი გვესაქმება. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ეს არის აბსურდის თეატრის გაგრძელება”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

სხდომის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, აგრძელებდა თუ არა დეპუტატი მუშაობას საგამოძიებო კომისიაში.

„თქვენს მიერ მოთხოვნილი საკითხები არ შედის ჩვენს კომპეტენციაში და თქვენს მოთხოვნაზე პასუხი არის, არა”, – მიმართა სერგი კაპანაძემ ადა მარშანიას.

რის შემდეგაც, დეპუტატმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიას ტოვებს. „მე ვტოვებ კომისიას და პატრიოტები ამ კომისიაში არ იმუშავებენ”, – აღნიშნა ადა მარშანიამ.