ადა მარშანია პროკურატურას მიმართავს, გიგა ბოკერიას 7 ივნისის განცხადებაზე რეაგირება მოახდინოს
ადა მარშანია პროკურატურას მიმართავს, გიგა ბოკერიას 7 ივნისის განცხადებაზე რეაგირება მოახდინოს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია პროკურატურას მიმართავს, ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას 7 ივნისის განცხადებაზე რეაგირება მოახდინოს.

საუბარია დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ გიგა ბოკერიასა და ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიას დაპირისპირების შესახებ, რომლის დროსაც გიგა ბოკერიამ განაცხადა: „დაკითხვაზე ნამყოფი ვარ, კიდევ ვიქნები და შენ რომ მოხვდები, ვნახავ, როგორ გაუძლებ“.

„მედიით მოვუსმინე სამწუხაროდ ჩვენი კოლეგის, ბატონი ბოკერიას ძალიან მძიმე და უცნაური განცხადება. მან თქვა, რომ ესწრებოდა, მომავალშიც დაესწრება დაკითხვებს და მიმართა კონკრეტულ დეპუტატს, უთხრა, როგორ გაუძლებ იმ დაკითხვას, იმასაც ვნახავ. ეს რას ნიშნავს. ოფიციალურად, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სამწუხაროდ, დეპუტატი აკეთებს ასეთ უმძიმეს განცხადებას. მივმართავ ჩვენს ძვირფას პროკურატურას, რომელიც სულ არ არის ძვირფასი, რადგან მუშაობის შედეგების მიხედვით, ამას ვერ ვიტყვი. საერთოდ, შალვა თადუმაძე პროკურორია ქვეყანაში? არ გვესმის, სად არის დამალული. გააკეთოს რეაგირება პროკურატურამ ამ განცხადებაზე. მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც, დეპუტატებმა რაღაც რეაგირება უნდა მოვახდინოთ ამ უცნაურ და მძიმე განცხადებაზე. რასაც ჰქვია, ღმერთმა ათქმევინა მისივე პირით, რასაც სჩადიოდა ეს ბატონი. უკაცრავად და, რატომ ესწრებოდა ბატონი ბოკერია დაკითხვებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, სუს-ში, პროკურატურაში მუშაობდა ავადსახსენებელ სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუ სამივე ერთად იყო ერთპიროვნულად, როგორც ჩვეოდა იმ რეჟიმს? თავისი მძიმე განცხადებით ამტკიცებს იმ რეჟიმის სისასტიკესა და კრიმინალურ ხასიათს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.