ადა მარშანია - რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დიდი ხანია, დასაწყებია და პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას
ადა მარშანია - რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დიდი ხანია, დასაწყებია და პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას

რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დიდი ხანია, დასაწყებია და პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ საქართველოს პრეზიდენტის ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

ადა მარშანიას თქმით, პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიალოგის კუთხით სწორედ იმ ხალხმა უნდა გადადგას, ვინც ტერიტორიები დაკარგა.

„რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დიდი ხანია დასაწყებია. ჩვენ უნდა ველოდოთ, როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს? რომ არ გადადგას, მერე რას ვაკეთებთ? ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას უპატრონოდ ვტოვებთ? ოკუპანტს არ უნდა ველაპარაკოთ? ვინ უნდა ელაპარაკოს ოკუპანტს, მსოფლიო?

მიწა-წყალი დავკარგეთ, ორი რეგიონი დავკარგეთ და აქტიურები ჩვენ უფრო უნდა ვიყოთ. პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, იმ ხალხმა, ვინც ტერიტორიები დაკარგა.

საუბარი უნდა შედგეს იმაზე, რაც დავკარგეთ – სოხუმსა და ცხინვალზე. მოსკოვში რომ ჩავდივართ, პირველი სიტყვები რასაც ვამბობთ, ეს არის – ჩვენ ყოველთვის ჩავალთ მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალზე სასაუბროდ, სოხუმისა და ცხინვალის დასაბრუნებლად.

ტერიტორიები საუბრითა და დიალოგის დაწყებით ბრუნდება, სხვანაირად როგორ შეგვიძლია? ატომური ბომბი გვაქვს და რუსეთს ვესროლოთ? ბომბი არ გვაქვს, რომც გვქონდეს, რუსეთს ბომბს ვერ ვესვრით.

რატომ ხართ იმაში დარწმუნებული, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გამო, მსოფლიო რუსეთს დაეტაკება? ამას არ იზამს, არ არის სულელი და გიჟი, როგორც ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი საქართველოში. მათ შიზოფრენიას 30 წელია ვუყურებ. ათი პოლიტიკოსიდან რვა შიზოფრენიკია საქართველოში.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას პუტინმა, რას ვშვებით, ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯი პუტინმა არ გადადგა და როგორც ჩანს, მისი ქცევიდან და განცხადებებიდან არ აპირებს, ამ პირველ ნაბიჯის გადადგმას. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა არასწორია. დიალოგი უნდა გავმართოთ, მაგრამ პირველი ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ დაზარალებულმა ხალხმა, იმ ხალხმა, ვინც ტერიტორიები დაკარგა.

მმართველ პარტიას შტამპები აქვს თავში, იმ შტამპებს ვერ სცილდება, ერთი შტამპი ნატო-ში შესვლა აქვთ, და ამის მეტს ვერაფერს ხედავენ, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს ირგვლივ? მეორე შტამპი აქვს, რომ მათ ჰგონიათ, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხს საერთაშორისო საზოგადოების მეშვეობით ეშველება. საუბედუროდ, ამ ორივე საკითხში ჩვენი გამოჩენილი პოლიტიკოსები ცდებიან“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, „რას ეტყოდით ბატონ პუტინს“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება“.

დატოვე კომენტარი