ადა მარშანია - მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით
ადა მარშანია - მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოსკოვში პარტიული მივლინებით მიემგზავრებიან.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია აღნიშნავს, რომ რუსეთში პარტიული ხარჯებით მიდიან და ეს არ არის ოფიციალური მივლინება პარლამენტიდან.

„პატრიოტთა ალიანსი“ თავის დეპუტატებს მოსკოვში პარტიიდან უშვებს. ორი შეხვედრაა დაგეგმილია. შეიძლება, ადგილზე შეხვედრები კიდევ დაიგეგმოს, ჯერ ორდღიანი ვიზიტია“, – აცხადებს ლომია.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყვეტილია, რა მარშრუტით მიდიან მოსკოვში, ლომია პასუხობს, რომ საქართველოსთან ფრენის შეწყვეტა იმას არ ნიშნავს, რომ მოსკოვში თვითმფრინავი ვერ ჩავა ერევნის, ან თურქეთის გავლით.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ კითხვას „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ადა მარშანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით“.

ამასთან, ადა მარშანიამ რუსეთში დაგეგმილი ვიზიტზეც ისაუბრა.

„ვლადიმერ პუტინის განცხადებაში ყველაზე მძიმე ჩვენი მოსახლეობისთვის გენოციდზე  საუბარი იყო. უნდა გესმოდეთ, რომ მოლაპარაკებას ასეთ მძიმე ფონზე თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს. თუ ადამიანთან სალაპარაკოდ მიდიხარ, აქედან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მათ რომ დავინახავ, უნდა დავარტყა თუ გამარჯობა უნდა უთხრა და ისაუბრო იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები დამძიმდა. პრინციპში, ზოგადად, პუტინის განცხადებას მივესალმებით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ აღიქვა მისი პასაჟი გენოციდზე. დავაფიქსირებთ და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია საქართველოში“, – აღნიშნავს მარშანია.

დეპუტატი ამბობს, რომ აფხაზეთში დედის მხრიდან 13 ნათესავი დაუხოცეს.

„ეს საჯაროდ არასოდეს მითქვამს. აფხაზებიც მიიჩნევენ, რომ ქართველებმა გენოციდი მოუწყვეს. ძალიან მძიმე ფონია და ნუ გგონიათ, რომ ცალმხრივად ვიხარშებით რაღაც ამბებში, თემები მითოლოგიზებულია და რეალობას მოწყვეტილი ვართ. პუტინის განცხადებამ გამოგვაფხიზლა იმ თვალსაზრისით, რომ გავიაზროთ, რა უმძიმეს მდგომარეობაში არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი და რეგიონში პროცესები. კონფლიქტზე ცალმხრივ გაშუქებას მივეჩვიეთ. თავის დროზე, რატომ მოხდა კონფლიქტი აფხაზეთში და ფაქტიურად, კონფლიქტის ისტორია არავინ იცის. პროფესიონალურ დონეზე არ ვგულისხმობ, ზოგადად არ ვიცით. სამწუხაროა, რომ ჩვენი არხები ამას სათანადო დროს არ უთმობენ ტელესივრცეში“, – დასძინა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტითან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს.