ადა მარშანია - მამუკა ბახტაძის განვლილი ცხოვრება არ არის საკმარისი, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს, მას ქარიზმა აკლია
ადა მარშანია - მამუკა ბახტაძის განვლილი ცხოვრება არ არის საკმარისი, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს, მას ქარიზმა აკლია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძის განვლილი ცხოვრება, მსოფლმხედველობა და პოზიციები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავოს. ადა მარშანიას თქმით, მამუკა ბახტაძეს ქარიზმაც აკლია.

„ბატონი პრემიერ-მინისტრის პიროვნება თავად, მისი განვლილი ცხოვრება, მისი მსოფლმხედველობა, პოზიციები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს ადამიანი იყოს პრემიერ-მინისტრი ჩემი ქვეყნის. მას ბევრი რამ აკლია. მას აკლია ქარიზმა, აკლია ბევრი პიროვნული თვისებები. მან თავისი პიროვნებიდან გამომდინარე შემოგვთავაზა ის, რაც შემოგვთავაზა, ვერანაირად ვერ მოვიწონებთ ჩვენ მთავრობის შემადგენლობას”, – განაცხადა ადა მარშანიამ პირველ არხთან საუბრისას.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ის მინისტრობის კანდიდატებად დასახელებულ ახალ სახეებს არ იცნობს და მათი საქმიანობის შეფასება გაუჭირდება, თუმცა მარშანია უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მთავრობის შემადგენლობაში რჩება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ახალ წევრებს საერთოდ არ ვიცნობთ, ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან არ იცნობ, ცუდად იმუშავებენ. კი ბატონო, თავის დარგში ეგება და რამე გააზრებული მოქმედებები განახორციელონ. ამას მხოლოდ მივესალმებით. თეა წულუკიანის დატოვება მთავრობაში არის იმის მანიშნებელი, რომ არანაირი დასკვნები არ გაკეთდა და ის ადამიანი დატოვეს, რომელმაც ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში დაგვიტოვა სასამართლო სისტემა და პროკურატურა”, – აცხადებს ადა მარშანია.

კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც „პატრიოტთა ალიანსი” მთავრობის ახალი შემადგენლობის მხარდაჭერას არ აპირებს, დეპუტატი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ასახელებს.
„პრემიერი, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელიც თავის პროგრამულ გამოსვლას პარლამენტის წინაშე, ქვეყნის წინაშე არ იწყებს ქვეყნის გამთლიანების საკითხით და თემით, ის ადამიანი არ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერ- მინისტრი“, – განმარტა ადა მარშანიამ.