ადა მარშანია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ როლს ვერ ვხედავ
ადა მარშანია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ როლს ვერ ვხედავ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ როლს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სამართლებრივად და პოლიტიკურად შეფასების ნაცვლად, დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის პოლიტიკა აირჩია.

„2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მძლავრად მხარდაჭერილი იყო მოსახლეობის მხრიდან, პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. იმის მაგივრად, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი სამართლებრივად, პოლიტიკურად და ზნეობრივად შეეფასებინა და ამის შემდეგ რეჟიმის მმართველებისა და ლიდერების სამართლებრივი დევნა დაეწყო, მან დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის პოლიტიკა აირჩია.

ამის შემდეგ უსამართლობისა და არასწორი პოლიტიკის დაგროვება დაიწყო. თოვლის გუნდასავით დაიწყო და უზარმაზარი გახდა. მძიმე დანაშაულებთან საქმე ლამის ყოველ დღე გვაქვს. მხოლოდ ეს უმძიმესი საქმე რატომ დავინახეთ? მოვითხოვე, რომ პარლამენტმა მთელი ის უზარმაზარი დანაშაულებების ნუსხა განიხილოს, რომელიც პასუხს ელოდება. ეს აბსურდი ჩვენს ქვეყანაში როდის დასრულდება“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დატოვა.

მანამდე ადა მარშანიამ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომისია ორ პირობას შეასრულებს.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აღნიშნა, პირველ რიგში, უნდა გაფართოვდეს განსახილველ საკითხთა წრე და არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გარდა, სხვა ცნობილი დანაშაულებიც უნდა გამოიძიონ.

„გაფართოვდეს საკითხთა წრე და კომისიამ ამ უმძიმესი დანაშაულის გარდა, გამოიძიოს ხსენებული რეჟიმის სხვა ცნობილი დანაშაულები, ან თუ წესდება ამის საშუალებას გვაძლევს, პარალელურად შევქმნათ მეორე აბსურდული კომისია, იმიტომ რომ მე აქ სერიოზულად საუბარი მიჭირს. კომისია დაკომპლექტდება რეჟიმის წარმომადგენლებით, მათ ისაუბრონ თავიანთი მმართველობის დანაშაულებზე, ობიექტურად გამოიძიონ ქმედებები და ობიექტური განაჩენი გამოუტანონ თავიანთ თავს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიამ კომისიას მისცა ვადა თავის მოთხოვნებზე საპასუხოდ.

საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.