ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს იმპიჩმენტით ემუქრება
ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს იმპიჩმენტით ემუქრება

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ადა მარშანია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით დაემუქრა.

სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებები გახდა. ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, სახელმწიფო ენის სტატუსთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებით გამოვიდა, რომელიც კონსტიტუციაში აფხაზური ენის შესახებ ჩანაწერს ეხებოდა. მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუცო კომისიის ფარგლებში, ამ საკითხზე დებატებიც არ გამართულა.

„თქვენ ძველ ჩანაწერს სწორი შეფასება გაუკეთეთ და ასეთ პირობებში, მუხლის რედაქცია რატომ არ შეიცვალა და არ შეიძლება შევცვალოთ, ან ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, რადგან ამას პოლიტიკურად დიდი მნიშვნელობა აქვს?! ახალ რედაქციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არის – აფხაზური. ეს ჩანაწერი უნდა შესწორდეს და ჩვენი იდეაა, ჩაიწეროს – საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არის – ქართული და აფხაზური. ეს ჩანაწერი უფრო აკადემიური, ლამაზი და დაბალანსებულია“, – მიმართა კობახიძეს მარშანიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ შეიცვალა არსებული რედაქცია. მისი თქმით, კომისიაში ენის სტატუსზე რამდენიმე სხდომა ჩატარდა, აღნიშნული საკითხი ადა მარშანიას მიერ პირველ სხდომაზე დაისვა და მსჯელობაც შედგა. ასევე, კობახიძის განცხადებით, დამატებით ჩატარდა კიდევ ორი სხდომა, რომელსაც ადა მარშანია არ ესწრებოდა და რომელზეც შეთანხმდა, რომ არსებული ჩანაწერი დარჩენილიყო.

„სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე, ეს ჩანაწერი გამართულია როგორც ლინგვისტური თვალსაზრისით, ასევე დაბალანსებული და აკადემიურად ჩამოყალიბებულია. შინაარსზეც არის საუბარი. შინაარსს, რომელიც კონსტიტუციაში 1995 წელს კანონმდებლებმა ჩადეს, არ ვეხებით და არ გვინდა, შევეხოთ. თქვენი ჩანაწერი შინაარსსაც ეხება და ეს მხოლოდ რედაქციული არ არის, ეს შინაარსობრივი შესწორებაა. არ გვინდა, აფხაზეთთან მიმართებაში რაიმე შინაარსს შევეხოთ, სანამ შესაბამისი პირობები არ დადგება. მისი ცვლილება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთმა ქნას და იურისდიქციის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება. ეს ჩანაწერი ბევრად უკეთესია, ვიდრე შემოთავაზებული“,- მიმართა კობახიძემ მარშანიას.

ადა მარშანიამ ირაკლი კობახიძეს უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე უწოდა.

„სასირცხვილო არგუმენტი მოვისმინე, რისი გაჟღერებაც არ მინდა. საფუძველი მაქვს, ამის გამო თქვენ დიდი უნდობლობა გამოგიცხადოთ და ამ პარლამენტში თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყოთ. არგუმენტს შეგნებულად არ ვაჟღერებ. დაიცავით კბილებით, თქვენი უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე. მისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა ნამდვილად ადრეა“, – მიმართა უმრავლესობას მარშანიამ.

ირაკლი კობახიძემ მარშანიას არგუმენტის დასახელებისკენ მოუწოდა და იქვე აღნიშნა, რომ დეპუტატს რეალურად არგუმენტები არ აქვს და ამიტომაც ვერ ასახელებს.

„ეროვნული ინტერესები ჩვენ ბევრად უფრო უკეთესად გვესმის, ვიდრე თქვენ. ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ“, – მიმართა კობახიძემ მარშანიას და „პატრიოტთა ალიანსს“.