ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია განმარტავს, რომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილების შემდეგ, ფრაქციაში სხვა დეპუტატის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვთ.
როგორც ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჭიჭინაძე მათ ფრაქციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა, რათა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მიღებულიყო.
მარშანიას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია დაიშლება, მათი მუშაობის მიზნები არ შეიცვლება. მისივე თქმით, ჭიჭინაძის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს დატოვა. მისი გადაწყვეტილების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი კვოტაა საჭირო, ირმა ინაშვილის საპარლამენტო გუნდს კი ხუთი დეპუტატი ჰყავს.
„საქართველოს პატრიოტები“ საშემოდგომო სესიაზე პროტესტის ნიშნად ნატო ჩხეიძემ დატოვა, რომელიც ფრაქციაში დავით ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა.