აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილებები 13 ხმით დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილებები 13 ხმით დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი 13 ხმით დაამტკიცა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.

ცვლილებები „კოვიდ-19“-ის მართვისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მისისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, სხვადასხვა ეკონომიების ხარჯზე 23 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება მოხერხდა, საიდანაც 20 მილიონი უშუალოდ  ინფექციასთან ბრძოლას მოხმარდება.

20-დან 8 მილიონზე მეტი დაიხარჯება ჯანდაცვის სფეროზე -ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალის აღჭურვასა და მარაგების შექმნაზე.

7 მილიონზე მეტი გამოიყო საკარანტინო სივრცეების ფუნქციონირებისთვის, 2 მილიონ 300 ათასი დაიხარჯება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის, დარჩენილი თანხა კი პანდემიის სხვადასხვა მოსალოდნელი შედეგის პრევენციისთვის.

როგორც აღინიშნა, თანხების მობილიზება მთავრობამ მოახერხა სამთავრობო უწყებების ადმინისტრაციული, მათ შორის სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებით, საერთო ჯამში 2 ნახევარი მილიონი ლარით.

90 ათასი ლარით შემცირდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება, 250 ათასი ლარით შემცირდა აჭარის მთავრობის აპარატის ხარჯები.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდა 9 762 600 ლარით. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება კი – 9 454 700 ლარით.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 744 ათას 500 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2,9 მილიონი ლარი.

საბოლოო ჯამში, აჭარის ბიუჯეტი, რომელიც 350 მილიონ ლარზე მეტია, უცვლელი რჩება, თუმცა მთავრობა მაისის ბოლოს ან ივნისში გეგმავს უმაღლეს საბჭოს პანდემიის შედეგების შესაბამისად წარუდგინოს კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი.