აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში ორ საათს არ აღემატებოდეს, ხოლო კვირის განმავლობაში – რვა საათს.
„შრომის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, დავით გაბაიძემ და ილია ვერძაძემ მოამზადეს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში ორ საათს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო კვირის განმავლობაში – ექვს საათს.
„კანონპროექტი დასაქმებულის ინტერესების დაცვის გაზრდის მიზნით გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებს აწესებს, თუმცა მეორეს მხრივ, იგი არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად, ცვლილებების არსი მდგომარეობს დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების დარეგულირებაში და მათი დაბალანსების შედეგად შესაბამისი პირობების შექმნაში, რაც საბოლოოდ ორივე მხარის მიზანს წარმოადგენს“, – აღნიშნულია პროექტში.