აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო.

სიტყვიერი დაპირისპირების გამო, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.

სხდომაზე აჭარის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ, რომელიც უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად აჭარის მთავრობამ წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, აჭარაში „კოვიდ-19“-ის მართვისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ 20 მილიონი ცოტაა. გარდა ამისა, მათ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და მმართველი გუნდის სამი ფრააქციიდან ორის გაუქმება მოითხოვეს.

„ხომ შეიძლება კრიზისულ სიტუაციაში სამი ფრაქციიდან ორი გააუქმონ და ნახევარ მილიონამდე დაზოგონ.გარდა ამისა, შეიმცირონ საწვავის და სხვა ხარჯები, 20 მილიონი არის სასაცილო, გაცილებით მეტის გამოყოფის საშუალება არსებობს“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე კი ოპოზიციას იმ ბავშვს ადარებს, რომელმაც რაღაც ჩუმად გატეხა და ოჯახის სხვა წევრებს აბრალებს.

„ოპოზიცია სულ ამ მდგომარეობაშია და იმ ბავშვივით იქცევა, რომელმაც ჩუმად რაღაც გატეხა და ოჯახის სხვა წევრებს აბრალებს. მე ვიყავი ინიციატორი და ახალი კონსტიტუციით მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქცია ექნება, მაგრამ რას გვაძლევს ახლა მოქმედი ფრაქციების გაუქმება, აპარატის ამდენი თანამშრომელი უნდა გავუშვათ კრიზისულ პერიოდში და ვუხადოთ კომპენსაცია, როგორც უმუშევრებს, რა შეიცვლება, თან სიცრუეა ნახევარი მილიონი, საკმაოდ მცირე თანხებზეა საუბარი“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება.

დატოვე კომენტარი