აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში ხმაური იყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, ხმაური იყო. ერთმანეთს მოქმედი საკრებულოს წევრები – „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე დაუპირისპირდნენ.

ლევან ანთაძის განცხადებით, რაულ თავართქილაძის მეუღლეს 22 ნოემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ იგი თვითიზოლაციას ექვემდებარება და სხდომას არ უნდა დაესწროს.

„იგი თვითიზოლაციას ექვემდებარება, თუმცა გუშინ მივიდა ბიუროს სხდომაზე. ამიტომ, თვითიზოლაციას ექვემდებარება დღეს ბიუროს ყველა წევრი და ისინი სხდომას არ უნდა დაესწრონ“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

რაულ თავართქილაძე კი ამტკიცებს, რომ კოვიდინფიცირებულ მეუღლესთან კონტაქტი არ ჰქონია.

„ვიდრე დაუდასტურდებოდა, იგი ხუთი დღე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მე შეხება არ მქონია“, – ამტკიცებს რაულ თავართქლილაძე.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. სიტუაცია სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს.