აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელზეც ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობდნენ, ხმაური იყო.

საკითხი მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი არასაპატიო გაცდენებია. იგულისხმება არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ საკითხი სპეციალურად წინასაარჩევნოდ გამოიტანეს. იგი მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

„საარჩევნოდ ძალების დემონსტრირებას ცდილობენ, თუმცა ამათ არაფრის თავი არა აქვთ და 2 ოქტომბრის შემდეგ ვნახავთ, რა ხასიათზე იქნებიან“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

უმაღლსი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციის ბრალდება არასერიოზულია, რადგან სხდომა არჩევნების შემდეგ გაიმართება, საკითხის გატანას კი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ითვალისწინებს.

„დაუჭერს თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს უმრავლესობა, ჯერ არ გვიმსჯელია და დეპუტატები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ. მე, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა საკითხის განხილვას ითხოვს რეგლამენტი. ანალოგიური პროცესი უკვე იყო პარლამენტშიც“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

დატოვე კომენტარი