აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩეული დეპუტატები, თორნიკე რიჟვაძე, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დარჩებიან
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩეული დეპუტატები, თორნიკე რიჟვაძე, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დარჩებიან

„ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩეული დეპუტატები, თორნიკე რიჟვაძე, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე საქმიანობას ისევ აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებენ, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მათ უკვე მიმართეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას და მიღებულ მანდატებზე უარი თქვეს.

ჯაბა ფუტკარაძე ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უხელმძღვანელებს, თინათინ ზოიძე კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას.

„მინდა, გაცნობოთ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. ორი დღის წინ ჩვენ მივმართეთ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას და შესაბამისად, მოხდა „ქართული ოცნების“ სიაში ცვლილებები. სამმა ადამიანმა მანდატის შეწყვეტაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან საქმიანობას აჭარის მთავრობაში, აღმასრულებელ გუნდში ვაგრძელებთ. ჯაბა ფუტკარაძე, ასევე თინათინ ზოიძე, რომელიც იყვნენ აჭარის მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი, ისინი გააგრძელებენ საქმიანობას. ჯაბა ფუტკარაძე უბრუნდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრის რანგში, რაც შეეხება თინათინ ზოიძეს, ის გააგრძელებს მუშაობას ჩვენთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში გამოთავისუფლებულ ადგილებს რიგითობის მიხედვით პარტიის სხვა სამი კანდიდატი დაიკავებს.

უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“, შვიდი კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.