აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდება
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდება. აჭარის კონსტიტუციაში შესატან შესაბამის ცვლილებებთან დაკავშირებით უმაღლესმა საბჭომ დღეს უკვე დაიწყო მსჯელობა.

შეიქმნება 11 კაციანი კომისია, რომელიც საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოაქვეყნებს და დაიწყებს საყოველთაო-სახალხო განხილვებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა წლის ბოლომდე მოხერხდება.

„დავიწყებთ საყოველთაო განხილვებს, რასაც კანონი ითხოვს, შემდეგ კი სამი მოსმენით განვიხილავთ უმაღლეს საბჭოში. ვვარაუდობ, რომ თუ ყველაფერი გაწერილი პროცედურების მიხედვით ჩაივლის, წლის ბოლომდე უკვე შევძლებთ აჭარის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

პროცესში აქტიურად ჩართვას აპირებს ოპოზიციაც, თუმცა ისინი საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლებას ითხოვენ.

„ეს იყო რვა ოპოზიციური პარტიის ინიციატივა. რა თქმა უნდა, პროცესში აქტიურად ჩავერთვებით და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს მიეცეთ ბლოკებისა და გაერთიანებების შექმნის საშუალება“, – განაცხადა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, – გია აბულაძემ.