აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს
აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს

აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს.

რიგგარეშე სხდომა 09:00 საათიდან მიმდინარეობს. პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად კვლავ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

თავის მხრივ, თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. ოთხივე მინისტრი თანამდებობას ინარჩუნებს. კერძოდ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე, ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნოჟარაძე, განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი, გიორგი სურმანიძეა წარდგენილი.

რიგგარეშე სხდომამდე მთავრობის წევრებს კომიტეტებში მოუსმინეს. თორნიკე რიჟვაძემ მომდევნო პერიოდის მთავარ პრიორიტეტებად პანდემიიდან გამომდინარე ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები დაასახელა, პარალელურად კი ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღება. მისი პროგნოზით, აჭარაში მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალ წელს 6,5 პროცენტით გაიზრდება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა არც ერთი საინვესტიციო პროექტი და საინვესტიციო პაკეტების წყალობით იგი ახლო მომავალში 10 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს. გამოსვლაში თორნიკე რიჟვაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე ტურიზმისა და განათლების სფეროების განვითარების ხედვებზე ისაუბრა.

გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

აჭარის ავტონომიური მთავრობის დასამტკიცებლად 21-დან 11 ხმაა საჭირო. „ქართული ოცნება“ 14 დეპუტატით არის წარმოდგენილი. სხდომას ესწრება ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გასული დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილიც.