აჭარის უმაღლეს საბჭოში წინასწარი მონაცემებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა
აჭარის უმაღლეს საბჭოში წინასწარი მონაცემებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში წინასწარი მონაცემებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანო ორი პარტიით – „ქართული ოცნებითა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“ იქნება წარმოდგენილი. ვინაიდან, უმაღლეს საბჭოში მხოლოდ 21 დეპუტატია, ბუნებრივი ბარიერი აღწევს ხუთ პროცენტს, ეს ბარიერი კი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა.

ამ დროისთვის დათვლილია პროპორციული სისტემით 106, მაჟორიტარული სისტემით კი 108 უბანი. 48 პროცენტით ლიდერობს „ქართული ოცნება“, 34 პროცენტი კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ვინაიდან ხუთპროცენტიანი ბარიერი სხვა პარტიებმა ვერ გადალახეს, დარჩენილი ხმები კანონის შესაბამისად, ამ ორ გამარჯვებულ სუბიექტს შორის გადანაწილდება.

უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატი პროპორციული, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან აჭარის სამივე ოლქში ლიდერობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მეორე ტური წინასწარი მონაცემებით მოსალოდნელია ბათუმში.

ქობულეთის ოლქში 51 პროცენტით ლიდერობს ცოტნე ანანიძე, მთიან აჭარაში 52 პროცენტით ფრიდონ ფუტკარაძე, ბათუმში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ტიტე აროშიძემ 43 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი კირთაძემ კი 35 პროცენტი მოიპოვა.

უსკო-ს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, უმაღლეს საბჭოში მანდატები სავარაუდოდ გადანაწილდება 14 7-ზე ქართული „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.