აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბათუმში, მაღალი კლასის სასტუმროებში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბათუმში, მაღალი კლასის სასტუმროებში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ

ბათუმში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებში ცხოვრობენ, ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანენ. კერძოდ, უკრაინის მოქალაქეების განცხადებით, „ინტურისტის“, „თანამგზავრისა“ და სხვა სასტუმროების ადმინისტრაციამ ისინი გააფრთხილა, რომ სასტუმრო უნდა დატოვონ.

„ხარკოვიდან ვართ, საქართველოში, კერძოდ ქუთაისში პოლონეთის გავლით უფასო თვითმფრინავით ჩამოვედით, ვცხოვრობთ სასტუმროში. დღემდე არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, ორი დღის წინ გაგვაფრთხილეს, ლიფტში გამოიკრა განცხადება, რომ 6 მაისს 12:00 საათამდე უნდა დავტოვოთ სასტუმრო. ჯერ არ ვიცი, სად წავიდეთ, ყველაფერი ძვირია, ერთოთახიანი ბინები 400 დოლარი ღირს“, – ამბობს სასტუმრო „ინტურისტში“ მცხოვრები უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტეს, რომ დღემდე უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილა საცხოვრებლის და განთავსების გარეშე. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ამბობს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოების გამო, მაღალი კლასის სასტუმროებიდან უკრაინის მოქალაქეებს გამოსვლა მოუწევთ, მაგრამ ყველა მათგანისთვის გამოიძებნება ალტერნატიული ფართები როგორც კერძო სექტორში, ასევე დაბალი კლასის სასტუმროებში, სადაც მათ გადაიყვანენ.

ზოიძის განცხადებით, ნაკადი იზრდება როგორც საზღვარზე, ასევე ბათუმში შემოდიან სხვა რეგიონებში მყოფი უკრაინელებიც, სახელმწიფოს რესურსი კი ამოუწურავი არ არის და უნდა მოხდეს ოპტიმალური გზების გამოძებნა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს გარეთ. ჩვენ აქტიურად ვართ კომუნიკაციაში იმ მოქალაქეებთან, ვინც განთავსებული არიან როგორც მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე ზოგადად, აჭარაში და ჩვენ მათთან კოორდინაციაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი კლასის სასტუმროები პირველი იყო, რომელმაც შესთავაზა უკრაინელებს უსასყიდლოდ ცხოვრება. სამი თვის განმავლობაში ასე იყო და მადლობელი ვარ ყველა სექტორის წარმომადგენლის, ვინც კეთილი ნება გამოხატა. ახლა, როდესაც სეზონი დაიწყო, მათ აქვთ გეგმები და ჩვენ მაქსიმალურად შეძლებისდაგვრად დავეხმარებით. ერთობლივად ვაფინანსებდით, მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად, უკრაინის ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, საცხოვრებელი აქ, ბათუმში ჰქონდეს. მომატებულია მოთხოვნა, ბათუმში საცხოვრებლად სხვა რეგიონებიდანაც გადმოდიან. უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს ფინანსური რესურსი არ არის ამოუწურავი. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ მაქსიმალურ გზებს კერძო სექტორის ჩართულობით, განიხილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები და ადგილები როგორც ქალაქში და ასევე ქალაქგარეთ, რომელიც იქნება შეთავაზებული.

მოთხოვნა იყო მაღალი, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით კერძო სექტორთან. გაკეთდა ბაზა განთავსების და კვების ობიექტების, ვინც გამოხატა სურვილი,მიეღო მოქალაქეები უსასყდლოდ. ეს იყო ნებაყოფლობითი. არის ობიექტი, რომელმაც უმასპინძლა ერთი კვირა, რომელმაც უმასპინძლა სამი თვე. შესაბამისად, ამ ადმიანებმა სოლიდარული ნაბიჯი გადადგეს უკრაინის მოქალაქეების მიმართ. იმ ნაწილთან, ვისაც კერძო სექტორი დახმარებას ვეღარ სთავაზობდა, ერთვებოდა სახელმწიფო, შესაძლებლობის ფარგლებში და დღემდე უფინანსებდა კვების და საცხოვრებლის ხარჯებს. ომის დაწყებიდან დღემდე, არც ის მოქალაქეები, რომლებიც ომამდე იყვნენ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსული და არც ისინი, ვინც ომის შემდეგ შემოვიდნენ, არ დარჩენილან საცხოვრებლის, კვებითი მომსახურების გარეშე“, – განაცხადა თინათინ ზოიძემ.