აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - „ლეოგრანდს“ წელს ჩვენი უწყების სარეკომენდაციო ნიშანი არ ჰქონია
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - „ლეოგრანდს“ წელს ჩვენი უწყების სარეკომენდაციო ნიშანი არ ჰქონია

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სულხან ღლონტმა „მოამბის“ სპეციალურ გამოშვებაში ჩართვისას განაცხადა, სასტუმრო „ლეოგრანდმა“ 2017 წელს მათი რეკომენდაციის ნიშანი ვერ მიიღო, რადგან არ აკმაყოფილებდა გარკვეულ კრიტერიუმებს.

„ვადასტურებ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ლეოგრანდს“ არ მიანიჭა ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია“, რომელსაც ჩვენ სარეკომენდაციო ხასიათით ვანიჭებთ ხოლმე სხვადასხვა სასტუმროებს. 2017 წელს, ჩვენს უწყებას ამ სასტუმროსთვის ეს ნიშანი არ მიუნიჭებია. სასტუმროს ვებგვერდზე უწერია 2016 წელს მინიჭებული ამ სტატუსის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავამკაცრეთ რეგულაციები, 2017 წელს მას ეს სტატუსი აღარ მიუღია. სტატუსის განახლება ხდება ყოველწლიურად, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც კვების ან განთავსების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს. საჭბომ ჩათვალა, რომ 2017-2018 წლებისთვის, „ლეოგრანდი“ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. გვქონდა კონკერტული კითხვები“, — აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

სულხან ღლონტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკომენაციო ნიშანი არ ჰქონია, მას მაინც ჰქონდა ოპერირების უფლება, რადგან ეს სტატუსი მხოლოდ რეკომენაციის ხასიათის ხარისხის ნიშანია და არ აქვს საკანონმდებლო რეგულაციის ხასიათი.

„ამ სტატუსის მიღება ძალიან ბევრ სასტუმროსა თუ კვების ობიექტს სურს, მაგრამ თითოეულ მომართვას ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ. ხაზს ვუსვამ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს არც ერთი კანონი არ ანიჭებს უფლებას, რომ რომელიმე კვების ობიექტი თუ სასტუმრო დახუროს ან გახსნას, არ გაგვაჩნია ამის არანაირი საკანონმდებლო საფუძველი. ექნებოდა თუ არა ეს სტატუსი, „ლეოგრანდს“, მას მაინც შეეძლო ოპერირება, რადგან ეს არ გახლავთ საკანონმდებლო რეგულაცია, ეს არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო იყო ხუთვარსკვლავიანი და ბაზარზე ძალიან დამკვიდრებული, წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ის ასეთად არ აღიარა“, — განაცხადა სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოდ, ფატალური შედეგი სავენტილაციო სისტემაში შესულ კვამლს მოჰყვა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ფატალური შედეგი მოჰყვა სავენტილაციო სისტემაში შესულ კვამლს“, — განაცხადა სულხან ღლონტმა „მოამბესთან“ საუბრისას.