აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - არ არის სწორი, რომ სასტუმროებიდან სპონტანურად მოხდება უკრაინის მოქალაქეების გამოსახლება, იქამდე დარჩებიან, ვიდრე არ მოიძებნება ალტერნატიული ფართი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - არ არის სწორი, რომ სასტუმროებიდან სპონტანურად მოხდება უკრაინის მოქალაქეების გამოსახლება, იქამდე დარჩებიან, ვიდრე არ მოიძებნება ალტერნატიული ფართი

ბათუმში მყოფი არც ერთი უკრაინის მოქალაქე ღია ცის ქვეშ არ დარჩება, – ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ პირველ არხს საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხზე სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ზოიძის განცხადებით, ძვირადღირებულ სასტუმროებში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებში იქამდე დარჩებიან, ვიდრე მათთვის ალტერნატიული ფართი არ მოიძებნება.

„არ არის სწორი, რომ სასტუმროებიდან სპონტანურად მოხდება უკრაინის მოქალაქეების გამოსახლება. ყველა დარჩება იქამდე, ვიდრე არ მოიძებნება ალტერნატიული ფართი. პროცესი დაწყებულია, ნაწილი გონიოში, ნაწილი ჩაქვში და ასევე ბათუმის ტერიტორიაზეა გაყვანილი. მოთხოვნა არის ძალიან გაზრდილი და გრძელვადიან გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში და რა რეალობისა და პრობლემების წინაშე დავდგებით. უკრაინის მოქალაქეებს გვერდში, უანგაროდ უდგას კერძო სექტორი. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვეღარ შეძლებენ უკრაინის მოქალაქეების განთავსებას, გვიკავშირდებიან და ჩვენ გადაგვყავს ალტერნატიულ საცხოვრებელში“, – განაცხადა პირველ არხთან თინათინ ზოიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებულ უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეზე ემუქრება“.