გიგა ჩხარტიშვილი - თავისუფლების გარანტი არ არის მხოლოდ ნათია კაპანაძე, ამას საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, როცა აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა
გიგა ჩხარტიშვილი - თავისუფლების გარანტი არ არის მხოლოდ ნათია კაპანაძე, ამას საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, როცა აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო სხდომას მართავს, რომელზეც ერთადერთი – დირექტორისთვის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი განიხილება. სხდომა საბჭოს წევრის, გიგა ჩხარტიშვილის გამოსვლით დაიწყო. გიგა ჩხარტიშვილმა მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთ წევრთან, ირაკლი დარცმელიძესთან ერთად ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ დააყენა.

ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიაში უსამართლობის განცდა იყო ანაზღაურებების გადანაწილების თვალსაზრისით. ასევე, მისი თქმით, დარღვევებია შესყიდვების ნაწილში.

„უნდობლობის საკითხის დაყენება კანონით არის გათვალისწინებული. რადგან არსებობს ჩანაწერი, ესე იგი შეგვიძლია მისი გამოყენება და აქ ხმაურის მიზეზს ვერ ვხედავ. დირექტორთან გვაქვს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა, ასევე მთავარი პრობლემაა პრიორიტეტების შეუსრულებლობა და ამ ნაწილში ბორდსაც გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, ამას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტი არ არის მხოლოდ ნათია კაპანაძე, ამას საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, როცა აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა“, – განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, პროცესი, რომელიც ახლა მაუწყებელში მიმდინარეობს, სრულიად ჯდება მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების დიაპაზონში.

„უნდობლობის გამოცხადების პროცედურას უშვებს კანონი. პრიორიტეტების შეუსრულებლობა საბჭოს პასუხისმგებლობის ნაწილია. ერთ-ერთი პრეტენზია დირექტორის მიმართ სწორედ პრიორიტეტების შეუსრულებლობაა, მრჩეველთა საბჭო იძულებულია იმდენად, რამდენადაც კომუნიკაციის შესაძლებლობას არის მოკლებული დირექტორთან, გაატაროს სხვა რაიმე ტიპის ღონისძიებები, რომ პრიორიტეტები შესრულდეს. მიმართოს ამ ძალიან არასასიამოვნო და უკიდურეს ფორმას, სხვა შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მრჩეველთა საბჭო არ ასრულებს თავის უფლებამოვალეობებს და დადგეს მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხდა გიგა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, ნათია კაპანაძე არ სცემს პატივს მრჩეველთა საბჭოს, არ აქვს მრჩეველთა საბჭოსთან ის კომუნიკაცია, რომელიც უნდა ჰქონდეს დირექტორს.

„ძალიან ცხადი მაგალითია 2019 წლის 15 მარტის სხდომა, სადაც დირექტორმა არც კი ინება, რომ დასწრებოდა მრჩეველთა საბჭოს სხდომას ბოლომდე, დატოვა სხდომა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დირექტორს ვერ გაუთვითცნობიერებია, რას ნიშნავს მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტი. შესაბამისად, ეს ღონისძიებები, რასაც დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ, არ არის ახალი, ეს პრობლემები გროვდებოდა წლების განმავლობაში. დღეს ჩვენ ვხედავთ აჟიოტაჟს, ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე სამოქალაქო სექტორი მედია, საზოგადოება, არ იყო არსებითად ჩართული მაუწყებლის მუშაობაში“, – განაცხადა საბჭოს წევრმა.

როგორც გიგა ჩხარტიშვილი აცხადებს, ტელევიზიის ხელმძღვანელობა არ ასრულდება იმ პრიორიტეტებს, რომელსაც მრჩეველთა საბჭო იძლევა.

მისივე თქმით, პრიორიტეტების შესრულების ნაწილში არის ძალიან დიდი ხარვეზი.

„ტელევიზიის დირექტორი არ უნდა უკრძალავდეს თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოსთან კომუნიკაციას და არ უნდა ითხოვდეს ამისთვის ნებართვას, თითქოს დირექტორს უნდა დაეკითხოს თანამშრომელი, შეხვედრა ექნება თუ არა მრჩეველთა საბჭოსთან. ამ ტიპის შეზღუდვა არის ჩვეულებრივი საბჭოთა სტანდარტი, რომელიც დაუშვებელია, რომ არსებობდეს მაუწყებელში. როდესაც ბიუჯეტი მტკიცდება საბჭოს მიერ რაღაც დათქმით, დირექტორი ვალდებულია, ამ დათქმის შესაბამისად დახარჯოს ბიუჯეტი. პირველი შემთხვევაა, როდესაც დამტკიცებული ბიუჯეტი სხვა მიზნობრიობით დაიხარჯა. მაგალითად 85 ათასი ლარი, რომელიც სხვა მიმართულებით იქნა დახარჯული, ეს არის თანხა, როლის დახარჯვაზეც დირექტორს მრჩეველთა საბჭოს თანხმობა ჭირდებოდა, რადგანაც მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს აღემატებოდა“, – აღნიშნა საბჭოს წევრმა.

მისივე თქმით, ნათია კაპანაძემ წარმოუდგენელი ტყუილი თქვა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან დაკავშირებით.

„წარმოუდგენელი იყო მაუწყებლის დირექტორის ტყუილი პირდაპირ ეთერში, რომ ევროპის მაუწყებელთა კაშვრითან დავალიანება თითქოს ჩემი მიზეზით არის წარმოშობილი. ნათია კაპანაძემ ახსენა, რომ მე თითქოს გამოვასწარი მრჩეველთა საბჭოში, თორემ ის ჩემს დასჯას მოახერხებდა, ეს არის წარმოუდგენელი, ეს დოკუმენტები მე გამოვაქვეყნე, დირექტორია პასუხისმგებელია ამ გადახდაზე. მას ჰქონდა დავალებული და დაწერილი დოკუმენტები ანგარიშსწორებისთვის, თუმცა უპასუხსიმგებლობის გამო, ეს არ მოახერხა. ევროპის მაუწყებელთა კავშირი ჩემთვის ძვირფასი ორგანიზაციაა და ეს ორგანიზაცია სასამართლოში დავით ემუქრება თუ არ გადაიხდის თანხას, რომელიც ძალიან მცირე თანხაა, ძალიან სამარცხვინოა ჩემი აზრით“, – განაცხადა საბჭოს წევრმა.