აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

მსურველებს განაცხადების წარდგენა 24 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების წესით უნდა შეირჩეს.

კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს: საქართველოს მოქალაქე; საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი; მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 19 აპრილს მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.