აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირის წევრები საგაფიცვო რეჟიმზე გადავიდნენ
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირის წევრები საგაფიცვო რეჟიმზე გადავიდნენ

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირის წევრები საგაფიცვო რეჟიმზე გადავიდნენ. შესაბამისი საბუთები ადმინისტრაციას მათ უკვე ჩააბარეს. ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მედიაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალტერნატიული პროფკავშირების მოთხოვნების შესრულებაზე ჟურნალისტები და მენეჯმენტი მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ.

თუ მოლაპარაკებები არ შედგება, მაუწყებლის თანამშრომლებს 21 დღის შემდეგ გაფიცვის უფლება ექნებათ.

ალტერნატიულ პროფკავშირებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის გათავისუფლებული უფროსისა და მოადგილის დაბრუნება ძველ პოზიციებზე.

„პირველი არის სტატუსკვოს აღდგენა, მეორე უმთავრესი საკითხია, სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები, მესამე კი, შრომითი უფლებები, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობასთანაა გადაჯაჭვული. ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან მაუწყებელს, უნდა იგრძნონ თავი დაცულად“, – განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა.

ტელევიზიის დირექტორი კი ამბობს, რომ შეფასებას მოთხოვნების გაცნობის შემდეგ გააკეთებს. გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ საინფორმაციოს ყოფილ უფროსთან, შორენა ღლონტთან მოლაპარაკება უკვე შედგა და იგი მის კონსულტანტად გააგრძელებს საქმიანობას. მან ასევე განაცხადა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე განიხილება ტელევიზიის თანამშრომლის, ლალი ბერძენიშვილის კანდიდატურა.

„ჯერ უნდა გავეცნო მოთხოვნებს და შემდეგ მოგახსენოთ. არ მგონია, სტატუსკვოს აღდგენაზე საერთოდ დაიწყოს ლაპარაკი, შორენა ღლონტთან შევთანხმდით უკვე და ის გააგრძელებს საქმიანობას ჩემს კონსულტანტად. როგორც ვთქვი, ადამიანები დარჩებიან აქ და ყველას შევინარჩუნებთ. ლალი ბერძენიშვილი კი განიხილება საინფორმაციოს უფროსის პოზიციაზე, მიდის მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ მხოლოდ პროცესში ვართ“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.