აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს - ტელევიზიასთან მოშიმშილე ორი პირი „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი და შემომწირველები იყვნენ
აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს - ტელევიზიასთან მოშიმშილე ორი პირი „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი და შემომწირველები იყვნენ

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტელევიზიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელი ემზარ პაქსაძე აცხადებს, ბოლო დროს ტელევიზიასთან დაკავშირებული მოვლენები, კონკრეტულად აქციები და შიმშილობა დირექტორის გადაყენების მოთხოვნით, არის პოლიტიკურად მართული, რომლის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“.

ემზარ პაქსაძე აცხადებს, რომ მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა და აქციის მონაწილე შოთა ცაავა, იყვნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის შემომწირველები.

„მაშინ, როცა ისინი თავს წარმოაჩენენ, როგორც დამოუკიდებელი, ნეიტრალური ფიგურები, ფაქტობრივად მათ უკან დგას კონკრეტული პარტია, სამწუხაროა, რომ ისინი ახდენენ პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლას თანამშრომლებზე, ადგილი აქვს შანტაჟს“, – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

ემზარ პაქსაძის განცხადებით, ტელევიზიაში უკვე მიიღეს საერთაშორისო აუდიტის დასკვნა, რომელსაც გაასაჯაროებენ. მასში საუბარია ყალბი ცნობების გაცემასა და სხვა სახის დარღვევებზე.