აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება
აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მეორე კენჭისყრაც უშედეგოდ დასრულდა.

ორი ფარული კენჭისყრის მიუხედავად ბორდის ხუთმა წევრმა მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩია.

მეორე კენჭისყრაში 12 კანდიდატიდან მხოლოდ ორი, მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძე მონაწილეობდნენ. კანონმდებლობით საჭირო სამი ხმა ვერც ერთმა ვერ მიიღო, რადგან ბორდის მეხუთე წევრმა ორივე კანდიდატი გადახაზა და საარჩევნო ბიულეტენს ნათია კაპანაძე მიაწერა.

„როგორც ჩანს, ამჯერადაც კონსენსუსი ვერ შედგა. ორ-ორი ხმა ჰქონდა ორ კანდიდატს და შეიძლებოდა, დარჩენილი ერთი წევრის ხმა რომელიმეზე გადანაწილებულიყო განმეორებით კენჭისყრაზე, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენ 12 ივლისს დავნიშნეთ სხდომის დღე და ამ დღეს გამოვაცხადებთ განმეორებით კონკურსს.

ჩვენი ბორდი შემდგარია სხვადასხვა გემოვნების, პოლიტიკური მრწამსის ადამიანებისგან, შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული. მგონია, რომ ორი ღირსეული კანდიდატი დარჩა საბოლოოდ. ორივე მათგანი შესანიშნავად მომართავდა ტელევიზიას. მომავალ ჯერზე შეთანხმება უნდა შედგეს აუცილებლად, უკვე გამოკვეთილია კანდიდატები და უფრო ნათელია გადაწყვეტილება“, – აცხადებს ბორდის თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი.