აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა
აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა. განმეორებითი წილისყრის დროს ხმები ამგვარად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე – ორი ხმა, ბაჩო გურაბანიძე – ერთი ხმა, ირმა ზოიძე – ერთი ხმა, ნათია ზოიძე – ერთი ხმა.

პირველ ტურში მრჩეველთა საბჭოს ხმები იმავენაირად გადანაწილდა. თუკი მრჩეველთა საბჭო განმეორებითი წილისყრით ვერ ირჩევს დირექტორს, ასეთ შემთხვევაში ხელახლა ცხადდება კონკურსი.

მაუწყებლის დირექტორის განმეორებითი კონკურსის გამოსაცხადებლად მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 3 ივნისს გაიმართება.

,,არჩევნები გამოცხადდა ჩაშლილად, რადგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა პირველი და ხელახალი კენჭისყრის დროს.

ახალ კონკურსში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. პროცედურები, კრიტერიუმები არის იგივე. შემდეგი სხდომა 3 ივნისს გაიმართება.

ერთი თვის ვადაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მასში მონაწილეობა მიიღოს”, – განაცხადა ბორდის ხელმძღვანელმა, ნატა იმედაიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორს სამი წლის ვადით ირჩევენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.