აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბათუმში რვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბათუმში რვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბათუმში რვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა.

„ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის გაუქმებასა და სამსახურიდან მათ უკანონო გათავისუფლებას.

მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობისა, ხელისუფლების ჩარევითა და ორგანიზებით მართული პროცესი გრძელდება, ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს „ქართული ოცნებიდან“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია. ისინი პასუხისმგებლობას მრჩეველთა საბჭოსა და არხის დირექტორს აკისრებენ და ამბობენ, რომ დირექტორი მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით ცდილობს, ტელევიზიას ჩამოაშოროს საინფორმაციოს უფროსი და მისი მოადგილე. თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას არ გამორიცხავს.

სხვადასხვა მედიასაშუალებაში დასაქმებული ჟურნალისტების ორგანიზებით, გუშინ აქცია გაიმართა აჭარის ტელევიზიასთან. ჟურნალისტებმა კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაში არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.