აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მაღალი გამავლობის სამი ავტომანქანა გადაეცა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მაღალი გამავლობის სამი ავტომანქანა გადაეცა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მაღალი გამავლობის სამი ავტომანქანა, შვიდი კომპიუტერი, ტელეფონები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები გადასცა.

პროექტი შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რაც აჭარის რეგიონში სკრინინგისა და დროული დიაგნოსტიკის მიზნით მოსახლეობასთან უშუალო გასვლებს ითვალისწინებს.

„სამი ავტომანქანა მოემსახურება ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგს. მანქანები სხვადასხვა დასახლებაში მივა, რათა უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროგრამაში. მთავარი მიზანია, მოხდეს ამ სამი დაავადების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

აჭარა უკვე შეუერთდა „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“. დღეს ბათუმში შიდსთან ტუბერკულოზთან და C ჰეპატიტთან ბრძოლის ინოვაციებს სპეციალური კონფერენციაც მიეძღვნა.