აჭარის საპატრულოს უფროსი - მაშველები ინტენსიურად მუშაობენ, სასტუმროს ნომრებში ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი
აჭარის საპატრულოს უფროსი - მაშველები ინტენსიურად მუშაობენ, სასტუმროს ნომრებში ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი

მაშველები ინტენსიურად მუშაობენ, სასტუმროს ნომრებში ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ამოქმედებულ მართვის ცენტრს ხელმძღვანელობს.

„მაღალი დაკვამლიანების გამო, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მაშველების ინტენსიური მუშაობა ყველა სართულზე და სასტუმროს ნომრებში, ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი იქ. სწორედ ამიტომ გამოვიძახეთ დამატებითი ძალები სხვა რეგიონებიდანაც, რომ ეფექტურად და სწრაფად მოხდეს ყველა სართულის დათვალიერება.

უკვე შეიქმნა სამაშველო ჯგუფი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებით, შსს ყველა სამსახურია ჩართული და ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტი და მუშაობს ცხელი ხაზიც.

შსს მართვის ცენტრში 20:01 საათზე შემოვიდა შეტყობინება, მოხდა მყისიერი რეაგირება 3 წუთში – 20:04 საათზე მივიდნენ მაშველები, ჩაერთვნენ ხანძრის ლოკალიზებაში. საერთო ჯამში, გამოიძახეს 12 სამაშველო ბრიგადა, 100-მდე მეხანძრე-მაშველი და დამატებით ძალებს ველოდებით. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები – მათ შორის, 3 მეხანძრე“ – განაცხადა ლევან მაისურაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბათუმში, ხანძრის გამო, მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.