აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას და აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭებას ითხოვენ
აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას და აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭებას ითხოვენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავი ბათუმში ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა და აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალთან აღნიშნეს. ისინი ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას და აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭებას ითხოვენ.

მოედანი, რომელზეც განთავსებულია გმირთა მემორიალი, 1999 წლიდან ზვიად გამსახურდიას სახელობისა იყო, თუმცა აჭარაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მას სახელწოდება შეეცვალა.

„მოვედით მაშინდელი უზენაესი საბჭოს წევრები, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას, გავიხსენოთ რეფერენდუმი, რომელიც გახდა ჩვენი დამოუკიდებლობის საფუძველი. ეს მოედანი იყო ეროვნული მოძრაობის მთავარი თავშეყრის ადგილი, აქ ატარებდა ზვიად გამსახურდია შეკრებებს. აუცილებელია და მოვითხოვთ, ბათუმში დაიდგას ზვიად გამსახურდიას მონუმენტური ძეგლი და აეროპორტს მიენიჭოს მისი სახელი“, – ამბობს აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი ნუგზარ ჩხაიძე.

პარალელურად, ბათუმში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.