აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩასული თამბაქოს მწარმოებლები ბათუმში აქციას მართავენ
აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩასული თამბაქოს მწარმოებლები ბათუმში აქციას მართავენ

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან რეგიონის მთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩასული თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ. ისინი შემოსავლების სამსახურის იმ რეგულაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 21 ნოემბრიდან იკრძალება თამბაქოს რეალიზაცია დაფასოებისა და აქციზის გარეშე.

„ეს რეგულაცია ამ დარგს გაანადგურებს. ჯერ ერთი, დაპაკეტება 24 საათში გააფუჭებს თამბაქოს. ვის მოუვიდა თავში აზრად, თოხით, გლეხის მიერ, მოყვანილი მოსავლის კილო 60 ლარით დაბეგვრა“, – ამბობს აქციის მონაწილე ბადრი ბოლქვაძე.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ცენტრალურ ხელისუფლებასთან რეგულაციების გასაუქმებლად შუამდგომლობას ითხოვენ.

თამბაქოს მწარმოებლები არ უერთდებიან მთავრობის სახლთან მიმდინარე პოლიტიკურ აქციას.

„ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა. არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდება ხალხი მათ. ჩვენ გვაინტერესებს ის პოლიტიკა, რომელიც თამბაქოს დარგის გადასარჩენად უნდა გატარდეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები მთავრობის პასუხს ელოდებიან.