აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება
აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება

აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება.

ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება იალაღებზე ყოფნის, ანუ მთობის შუა პერიოდს უკავშირდება. ტრადიციულად, აჭარის მთიანი სოფლებიდან ზაფხულობით პირუტყვი ალპურ საძოვრებზე, საზაფხულო იალაღებზე გადაჰყავთ, ოჯახის წევრები ორად იყოფიან, ნაწილი ბარში რჩება, ნაწილი კი იალაღებზე. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კი ყველა თავს იყრის ერთად და ათეულობით იალაღზე აღინიშნება შუამთობა.

ბოლო წლებში სახალხო დღესასწაულს უფრო ოფიციალური ფორმაც მიეცა. მთავარ სანახაობას მასპინძლობს კურორტი ბეშუმი. კონცერტისა და სხვადასხვა წარმოდგენის პარალელურად იმართება ეთნოგრაფიული გამოფენები, სტუმრებს ადგილზე შეუძლიათ დააგემოვნონ აჭარული ტრადიციული კერძები, ეწყობა სპორტული შეჯიბრებები, მთავარი სანახაობა კი არის დოღი.