აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი, ამ ეტაპზე, არ კეთდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ  სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან: „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, ასევე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ ეტაპზე, კანდიდატები შეთავაზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, დასახელებულთაგან ყველაზე რეალური კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეა.

„ამ დროისთვის არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა და არც კონსულტაციები. მე გუნდის წევრი ვარ, გუნდი იღებს გადაწყვეტილებას. თუ იქნება შემოთავაზება, აუცილებლად განვიხილავ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი ადასტურებს, რომ დასახელებულ კანდიდატთაგან ერთ-ერთზე მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა რომელზე არ აკონკრეტებს.

„კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით ნამდვილად მიმდინარეობს, რამდენიმე პირზეა საუბარი, ერთ-ერთი მათგანის სახელი დღეს მედიაში ნამდვილად გავრცელდა, თუმცა ვისზე, ამას ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს.