აჭარის მთავრობის სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ათვისების საკითხზე იმსჯელეს
აჭარის მთავრობის სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ათვისების საკითხზე იმსჯელეს

რაში დაიხარჯება 85 მილიონით გაზრდილი აჭარის ბიუჯეტი ამ საკითხზე იმსჯელეს აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილებები ბიუჯეტში აჭარის უმაღლესმა საბჭომ გუშინ დაამტკიცა, დღეს კი ერთგვარი პრეზენტაცია გაიმართა, თუ რას მოხმარდება გაზრდილი შემოსავლები.

აჭარის მთავრობა განახლებულ ბიუჯეტს უწოდებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და უპრეცენდენტო მოცულობის ბიუჯეტს, რადგან პირველად გადააჭარბა აჭარის ბიუჯეტმა 400 მილიონს და მიაღწია 414 მილიონ ლარს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, პრიორიტეტებია ტურიზმი, მთიანი აჭარის გაზიფიკაცია, საგზაო ინფრასტრუქტურა, განათლება, სპორტი, ჯანდაცვა.

„ეს არის აჭარის ყველა მცხოვრებლის ინტერესზე და საჭიროებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი, მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტი და მიზნად ისახავს ყველა ადამიანის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, ეს მიიღწევა როგორც სწრაფი ეკონომიკური აღდგენის და აღმავლობის ამოცანების შესრულებით, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტის, ექვსივე მუნიციპალიტეტის თანაბარი, სწრაფი და მდგრადი განვითარების შედეგად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბიუჯეტი ძირითადად საპრივატიზაციო ობიექტების გაყიდვის ხარჯზე იზრდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, გასაყიდად მომზადებულია 200 მილიონი ლარის ღირებულების ქონება და თუ რომელიმე ობიექტი არ გაიყიდა, ან გაიყიდა საპროგნოზო მაჩვენებელზე დაბალ ფასად, მოხდება ობიექტების ჩანაცვლება.